აშშ-მა ახალი სანქციები დააწესა ირანის ე.წ. ჩრდილოვანი საბანკო სისტემის წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ ვალუტაში მრავალმილიონიან ოპერაციებს ახორციელებენ. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, სანქციების სიაში შევიდა სამი ირანული სავალუტო პუნქტი და მათთან დაკავშირებული კომპანიები. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ეს კომპანიები ყოველწლიურად უზრუნველყოფენ ოპერაციებს უცხოური ვალუტაში მილიარდობით დოლარის ოდენობით.
იმის გამო, რომ ირანი ნავთობის გაყიდვებს ძირითადად ჩინურ იუანში ახორციელებს, აღნიშნული სავალუტო პუნქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ შემოსავლების იმ ვალუტებში კონვერტაციაში, რომლებიც უფრო მარტივად გამოიყენება ირანის შეიარაღებული ძალებისა და მათი პარტნიორების მიერ.
გარდა ამისა, "ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა" მოიცავს უცხოურ საფარად შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საკუთარი კომერციული საბანკო ანგარიშებით სხვადასხვა ვალუტაში მილიარდობით დოლარის ოპერაციებს ახორციელებენ. ამ გზით ისინი მოქმედებენ სანქციების ქვეშ მყოფი სტრუქტურების ინტერესებში, მათ შორის ირანის ცენტრალური ბანკის, ეროვნული ირანული ნავთობის კომპანიისა და ქვეყნის სამხედრო და ძალოვანი უწყებების სასარგებლოდ.
ცნობისათვის, მიმდინარე კვირაში აშშ-მა ასევე სანქციები დაუწესა 35 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემის ფუნქციონირებაში მონაწილეობდნენ.