აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი განცხადებებმა გერმანიაში ამერიკული ჯარების შესაძლო შემცირების შესახებ პენტაგონში გაოცება გამოიწვია.
Politico-ს ცნობით, პენტაგონში ამბობენ,რომ ასეთი ნაბიჯი წინასწარ არ ყოფილა განხილული და არც დაგეგმილა.
„პენტაგონი ამას არ ელოდა და არც შემცირებას გეგმავდა. თუმცა ეს საკითხი სერიოზულად უნდა მივიღოთ, რადგან ტრამპს მსგავსი პოზიცია ადრე, პირველი ვადის დროსაც ჰქონდა“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.
თავდაცვის უწყების სამი წარმომადგენლის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ტრამპის განცხადებები ბევრისთვის პირველი სიგნალი გახდა, რომ შესაძლოა აშშ-მა გერმანიიდან ასობით ან ათასობით სამხედრო გაიყვანოს.
ეს ინფორმაცია განსხვავდება პენტაგონის ბოლო გლობალური შეფასებებისგან, სადაც ევროპაში მნიშვნელოვანი შემცირება არ იყო გათვალისწინებული.
გერმანელი ოფიციალური პირებიც აცხადებენ, რომ პრეზიდენტის განცხადებები მათთვის მოულოდნელი იყო.
„დონალდ ტრამპის მკაცრი მუქარების პოლიტიკამ ზღვარს მიაღწია… აშშ-ის ჯარების გაყვანა გერმანიიდან თავად შეასუსტებს შეერთებულ შტატებსაც და გვიჩნდება კითხვა - როდის აპირებენ ვაშინგტონში ზრდასრულები კვლავ დაბრუნდნენ რეალობაში?“, - განაცხადა ერთ-ერთმა გერმანელმა ოფიციალურმა პირმა.
აშშ-ის ომის დეპარტამენტის პრესმდივანმა შონ პარნელმა განაცხადა, რომ უწყება „ყველა შესაძლო სცენარს ამზადებს“ და „სრულად მზად არის შეასრულოს მთავარსარდლის ბრძანებები ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე“.
Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის ჯარების მოულოდნელი გაყვანა გერმანიიდან პენტაგონისთვის რთული პროცესი იქნება, მით უმეტეს, რომ უწყება უკვე ჩართულია ირანითან დაკავშირებულ სამხედრო პროცესებში.
გერმანიაში განლაგებულია დაახლოებით 35 000–40 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქვეყანა უფასოდ უზრუნველყოფს მიწას ბაზებისთვის და ადგილობრივ სამუშაო ძალას მათი მხარდაჭერისთვის.
პენტაგონი ასევე გერმანიიდან მართავს ორ მთავარ სამხედრო ცენტრს - აშშ-ის ძალების სარდლობას ევროპაში და აფრიკაში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყველაზე დიდ სამხედრო ჰოსპიტალს.
ამ ჯარების, მათი ოჯახებისა და ტექნიკის აშშ-ში გადაყვანა დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, მით უმეტეს, რომ მათთვის საკმარისი საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა შესაძლოა არც არსებობდეს.
2020 წლის ივლისში დონალდ ტრამპმა უკვე გასცა ბრძანება გერმანიიდან 12 000 ამერიკელი სამხედროის გაყვანის შესახებ, თუმცა ეს გადაწყვეტილება მაშინ არ შესრულებულა.
მეორე საპრეზიდენტო ვადაში ტრამპმა გაამკაცრა ანტიევროპული რიტორიკა. მან არაერთხელ გააკრიტიკა ნატო და ისიც თქვა, რომ შესაძლოა ალიანსი დატოვოს, თუ პარტნიორები არ ჩაერთვებიან ირანთან დაკავშირებულ სამხედრო მოქმედებებში.