კოლუმბიაში, კაუკას დეპარტამენტში, პანამერიკულ ავტოსტრადაზე დანაღმული ავტობუსის აფეთქებას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 38 კი დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი. იუწყება France 24
დეპარტამენტის გუბერნატორმა ოქტავიო გუსმანმა მომხდარი „სამოქალაქო მოსახლეობაზე განურჩეველ თავდასხმად“ შეაფასა. თვითმხილველების თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ადამიანები რამდენიმე მეტრის მანძილზე მოისროლა.
ხელისუფლებამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფებას "ხაიმე მარტინესს" დააკისრა, რომელიც აერთიანებს FARC-ის ყოფილ მებრძოლებს - იმ პირებს, რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს სამშვიდობო პროცესის ფარგლებში იარაღის დაყრაზე.
2016 წელს, 50 წელზე მეტი ხნის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, FARC-ის ძირითადმა ნაწილ,ა მთავრობასთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი, განიარაღდა და საქმიანობა შეწყვიტა. თუმცა მებრძოლთა ნაწილმა თავიდანვე ბოიკოტი გამოუცხადა მოლაპარაკებებს და დღემდე აგრძელებს შეიარაღებულ ბრძოლას ქვეყნის რეგიონებში.
სააგენტო Associated Press ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება,რომ მხოლოდ ბოლო ორ დღეში კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სულ მცირე 26 ინციდენტი დაფიქსირდა, რომელთა შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა.
24 აპრილს, ქალაქებში კალსა და პალმირაში სამხედრო ობიექტების სიახლოვეს აფეთქდა ორი დანაღმული ავტომობილი. მედიის ცნობით, ძალადობის ზრდა დაემთხვა წინასაარჩევნო კამპანიის საბოლოო ეტაპის დაწყებას. კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მაისს არის დაგეგმილი.