უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში 6 ორმხრივი დოკუმენტი გაფორმდა.
ამის შესახებ ზელენსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს 6 დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. დეტალებს ჩვენი გუნდები მოგვიანებით აუცილებლად გაასაჯაროვებენ. ეს სხვადასხვა მიმართულებებს ეხება“, — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად მთავარი მიმართულება უსაფრთხოება და თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსია.
„უკრაინამ ამ ომის განმავლობაში გამძლეობა აჩვენა და დღეს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს სხვებს“, — განაცხადა მან.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში შეხვდა უკრაინელ ექსპერტებს, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვაში ეხმარებიან.
„რა თქმა უნდა, ჩვენ განვავითარებთ თანამშრომლობას, კოპროდაქშენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებია, რომლებიც აუცილებლად გაზრდის როგორც ჩვენი ქვეყნების და ხალხების უსაფრთხოებას, ისე სავაჭრო ბრუნვას, რომლის გაზრდაც ნამდვილად გვსურს“, — აღნიშნა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს ენერგეტიკული მხარდაჭერისთვის რთული ზამთრის პერიოდში. მან აღნიშნა, რომ ამჟამად საუბარია ამ ინიციატივების გაგრძელებაზე.
ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში დღეს ჩავიდა.