ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ვაშინგტონში იშვიათი მინერალების შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
პროექტის მიხედვით, შეთანხმება ითვალისწინებს იშვიათი მინერალების შესყიდვის სტიმულების შექმნას, მათ შორის მინიმალური ფასების მექანიზმებს. ეს ზომები უპირატესობას მიანიჭებს იმ მომწოდებლებს, რომლებიც ჩინეთთან არ არიან დაკავშირებული.
ხელმოწერისას რუბიომ გაამახვილა ყურადღება იმ რისკებზე, რაც ერთ ქვეყანაში რესურსების კონცენტრაციას უკავშირდება და გამოთქვა იმედი, რომ აშშ და ევროკავშირი შეთანხმებების პრაქტიკულ განხორციელებაზე გადავლენ.
„ეს ნათლად აჩვენებს, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს დასავლელ და ევროპელ მოკავშირეებს შორის, იზრდება გაცნობიერება კრიტიკული მინერალებისა და მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელობის შესახებ — როგორც ეკონომიკებისთვის, ისე ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ასეთი რესურსების ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში კონცენტრაცია მიუღებელი რისკია,“ — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
თავის მხრივ, შეფჩოვიჩმა აღნიშნა, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების გაძლიერებას.
„ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის წყალობით, მჯერა, რომ ერთად უფრო სტრატეგიულად ვიმოქმედებთ, მიზნებს ბევრად სწრაფად მივაღწევთ და, რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვან სფეროში კიდევ უფრო გავძლიერდებით,“ — განაცხადა მან.