უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აქტიურად მუშაობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის სპარსეთის ყურის რეგიონში, ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა პარტნიორებთან და ამზადებს თანამშრომლობას კავკასიის მიმართულებით.
როგორც მან ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, უკრაინა პარტნიორებს არა მხოლოდ დრონებს, არამედ სრულფასოვან თავდაცვის სისტემებს სთავაზობს.
„მაგალითად, არაბულ ქვეყნებს აქვთ ძლიერი საჰაერო თავდაცვა რაკეტების წინააღმდეგ, ხოლო ჩვენ ვეხმარებით მათ ‘შაჰედების’ წინააღმდეგ და საზღვაო დაცვაში. სწორედ ასეთი ინტეგრირებული თავდაცვის სისტემაა საჭირო ევროპისთვისაც — საზღვრების, სანაპიროების, ზღვის, ინფრასტრუქტურისა და ყველა იმ ობიექტის დასაცავად, რომელიც შეიძლება სამიზნე გახდეს. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ნამდვილად ევროპული პროექტი,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ თითოეული ქვეყანა საკუთარ თავდაცვაზე მუშაობს, თუმცა ევროპის ერთობლივ ძალისხმევას ბევრად უფრო დიდი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.
„SAFE პროგრამა, სავარაუდოდ, საკმარისი არ არის, რადგან თითოეული ქვეყანა აკეთებს იმას, რაც საჭიროდ მიაჩნია და რისი შესაძლებლობაც აქვს, მაშინ როცა დრონებისგან მომდინარე საფრთხეები ახალია და მუდმივად ვითარდება. საჭიროა კოორდინაცია და ერთიანი ევროპული ინსტრუმენტის - დრონების პროგრამის შექმნა. ჩვენ მზად ვართ, ჩავდოთ ჩვენი გამოცდილება, ინდუსტრია და პოტენციალი,“ - განაცხადა ზელენსკიმ.