ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის განბლოკვისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღების შემდეგ, დროა გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე — ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნაზე.
მისი თქმით, ახლა აუცილებელია წინსვლა და მომდევნო ნაბიჯისთვის მზადება. კოშტამ ეს განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა ამავე კვარტალში უკვე მიიღოს პირველი ტრანში — 45 მილიარდი ევროდან.
მისი თქმით, სესხის ერთი მესამედი ბიუჯეტურ საჭიროებებს მოხმარდება, ხოლო ორი მესამედი — თავდაცვას. მისი შეფასებით, სავარაუდოდ, პირველი დონების პაკეტი იქნება - „დრონები უკრაინიდან უკრაინისთვის“.
ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მადლობა გადაუხადა სანქციების პაკეტისა და 90 მილიარდი ევროს სესხის ერთხმად დამტკიცებისთვის და აღნიშნა, რომ ეს თანხები მოხმარდება უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, იარაღის წარმოებასა და ზამთარში ენერგეტიკის დაცვას.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა რუსეთი დავაბრუნოთ რეალურ დიპლომატიაში და დასრულდეს ეს ომი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ცნობილია, 23 აპრილს ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი.
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილებები წერილობითი პროცედურით ერთხმად იქნა მიღებული.
ზელენსკიმ, რომელიც ვიზიტით კვიპროსში იმყოფება ევროკავშირის სამიტზე, განაცხადა, რომ პირველი ტრანშის მიღებას მაისში ან ივნისში ელოდება.