უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის იარაღის მიწოდება PURL-ის პროგრამის ფარგლებში უწყვეტად გრძელდება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ მიუღია უკრაინას სიგნალები აშშ-ის იარაღის მიწოდების შესაძლო შეფერხებაზე ან შეწყვეტაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, ზელენსკიმ უპასუხა:
„რაც შეეხება აშშ-დან იარაღის მიწოდებას, ის არ შეჩერებულა. ამისთვის პარტნიორებს მადლობელი ვარ.“
მისივე თქმით, მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობაა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანია დათანხმდა Patriot-ის სისტემებისთვის რამდენიმე ასეული რაკეტის დაფინანსებას, თუმცა ეს გადაწყვეტილება სრულად ვერ ფარავს უკრაინის ტაქტიკურ საჭიროებებს.
„რაც შეეხება PURL-ს, დეფიციტია. საჰაერო თავდაცვა საკმარისი არ არის. ახლახან გავაფორმეთ ძლიერი პაკეტი გერმანიასთან, მაგრამ იქ ვადები ისეთია, რომ სტრატეგიულად გვაძლიერებს, ხოლო ტაქტიკური დეფიციტი სხვა გზებით უნდა შევავსოთ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი მანამდე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა მნიშვნელოვნად შეამცირა Patriot-ის სისტემებისთვის საჭირო ჩამჭერელი რაკეტების მიწოდება, რომელიც უკრაინის ცას იცავს.
ამავე დროს, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ უკრაინა მომავალშიც მიიღებს პარტნიორების მიერ დაფინანსებულ ამერიკულ იარაღს, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისა.
მისივე თქმით, არსებობს ოპტიმიზმი, რომ უკრაინის პარტნიორები მომავალშიც შეძლებენ საჭირო ფინანსების მოძიებას, რათა გაგრძელდეს ამერიკული იარაღის შესყიდვა PURL-ის ინიციატივის ფარგლებში.