უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა შესაძლებლობა, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები განიბლოკოს - მათ შორის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხი და ევროკავშირთან ექვსი მოლაპარაკების კლასტერის გახსნა.
ამის შესახებ სიბიჰამ საკუთარ Facebook-ზე დაწერა
სიბიჰამ ამ საკითხებზე ისაუბრა ავსტრიელ, ისლანდიელ და ლუქსემბურგელ კოლეგებთან თურქეთში, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში.
მისი თქმით, ყველა მხარე აღნიშნავს ევროპის გაძლიერების ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც უნგრეთის არჩევნების შემდეგ გაჩნდა.
„ვმსჯელობდით კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სწრაფ განბლოკვაზე: 90 მილიარდი ევრო, სანქციების მე-20 პაკეტი, 6 მოლაპარაკების კლასტერის გახსნა. დროა მოიხსნას არა მხოლოდ ჰორმუზის, არამედ ‘ორბანის ბლოკადაც’. ეს ყველას სასარგებლოდ იქნება“, — აღნიშნა სიბიჰამ.
ცნობისათვის, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ევროკავშირის სესხს არ დაბლოკავს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა ბუდაპეშტი მასში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამავე დროს, მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას. მისი თქმით, კიევმა უნდა გაიაროს სრული მოლაპარაკების პროცესი, რის შემდეგაც უნგრეთმა, შესაძლოა, ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩაატაროს.