რუსეთის სისასტიკე მოითხოვს დაუყოვნებელ და მკაცრ საერთაშორისო პასუხს, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მხრიდან, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა X-ზე წერს.
მისი თქმით, ეს საკითხი განიხილება საბჭოს სხდომაზე, რომელიც უკრაინის მოთხოვნით ორშაბათს, 20 აპრილს არის დაგეგმილი.
სიბიჰამ ასევე აღნიშნა, რომ ისეთი მასშტაბური თავდასხმები, როგორიც უკრაინამ ხუთშაბათის ღამეს გადაიტანა, წინასწარ იგეგმება.
"რუსეთის ტერორის ტალღა უკრაინის წინააღმდეგ შემთხვევითი არ არის — ეს მისი ომის სტრატეგიის ნაწილია.
სამიზნეებად კვლავ რჩება საცხოვრებელი სახლები, სადაც ოჯახებს სძინავთ, და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ასიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელია.
ასეთი თავდასხმები წინასწარ იგეგმება. ეს ნიშნავს, რომ როდესაც უკრაინამ შესთავაზა სააღდგომო ზავის გახანგრძლივება და დიპლომატიისთვის შანსის მიცემა, რუსეთის ხელმძღვანელობას უკვე დამტკიცებული ჰქონდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შემდგომი მკვლელობების გეგმები
ამ თავდასხმის შედეგად კიევში, ოდესასა და დნიპროში სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
რუსეთის სისასტიკე მოითხოვს დაუყოვნებელ და გადამწყვეტ საერთაშორისო პასუხს, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მხრიდან.
საბჭოს სხდომაზე, რომელიც უკრაინის მოთხოვნით ორშაბათს, 20 აპრილს გაიმართება, ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ უშიშროების საბჭომ მკაცრი პასუხი გასცეს რუსეთის სახელმწიფო ტერორს — ქვეყნისას, რომელიც კვლავ უკანონოდ იკავებს თავის მუდმივ ადგილს საბჭოში.
მსოფლიო უნდა იყოს ერთიანი უკრაინის მხარდაჭერაში, აგრესორზე ზეწოლის გაძლიერებაში და პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მუშაობაში.
ერთად უნდა აღვადგინოთ საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს ქარტიის, პატივისცემა — რუსეთის აგრესიის დასრულებით უკრაინის წინააღმდეგ,“ — განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.