უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება სამმხრივი შეხვედრა შეერთებული შტატების მონაწილეობით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულების შესახებ, თუმცა მისი ფორმატი ჯერ არ არის საბოლოოდ განსაზღვრული.
„შედგა საუბარი აშშ-ის პრეზიდენტის გუნდის წარმომადგენლებთან და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება სამმხრივი შეხვედრა, ან იქნება ფორმატი, რომლის მიხედვითაც ამერიკის დელეგაცია ჯგუფი ჩვენთან ჩამოვა და შემდეგ, სავარაუდოდ, ჩვენს მეზობლებთან [რუსეთში] გაემგზავრება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხის დასასრულებლად, რადგან საკვანძო კითხვებზე პასუხები არ არის ნაპოვნი.
ამ საკითხებს შორის ზელენსკიმ, კერძოდ, დაასახელა, თუ როგორ უნდა დაფინანსდეს უკრაინის არმია ომის დასრულების შემდეგ, როგორ მიიღოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. „ყველაზე რთული საკითხია ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია რუსეთის მხრიდან განმეორებით აგრესიაზე, თუ ასეთი აგრესია მოხდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.