ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს წინ ვერავინ ვერასდროს დაუდგება. ძალას, რომელიც ხელოვნურად გვათითოკაცებს, უნდა ვუთხრათ უარი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 9 აპრილის მემორიალთან, ჟურნალისტებს განუცხადა.
„გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს - მთავარი ეს არის 9 აპრილს, რაც უნდა ვთქვათ. 9 აპრილი არის განსაკუთრებული დღე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითი იმისა, რომ ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს შეუძლია ნებისმიერ მისიას და ამოცანას მიაღწიოს. გათითოკაცებული საქართველო, როგორც წესი, მარცხდება. ამიტომ ჩვენი მიზანია, ერთ მუშტად შევიკრათ და ჩვენი წარსულის, აწმყოს და მომავლის ისტორიული მისია აღვასრულოთ, რომ საქართველო განვითარებული ქვეყნების რიგში ჩადგეს, იყოს რეგიონის ლიდერი, იყოს ძლიერი ოჯახები, ძლიერი ადამიანები და რაც მთავარია, გამთლიანებული. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხისთვის დღეს იქნება ის, რომ ძალა ერთობაშია. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს წინ ვერავინ ვერასდროს დაუდგება. ძალას, რომელიც ხელოვნურად გვათითოკაცებს, უნდა ვუთხრათ უარი. მხოლოდ ერთ მუშტად შეკრულ ერს შეუძლია მიაღწიოს საბოლოო შედეგს“, - განაცხადა ვაშაძემ.