ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია მრავალი პარტნიორით იმის გამო, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში მხარს არ უჭერენ ომს იმ დონემდე, რამდენადაც მას სურდა. ამის შესახენ CNN იუწყება.
მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ ტრამპის იმედგაცრუება მისთვის გასაგებია.
„მან [ტრამპმა] ძალიან ნათლად მითხრა, რას ფიქრობს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მომხდარ მოვლენებზე. ეს ძალიან ნათელი სურათია. იმედგაცრუება აშკარაა, მაგრამ ამავდროულად, ის ასევე [ყურადღებით] უსმენდა ჩემს არგუმენტებს იმის შესახებ, თუ რა ხდება“, - განაცხადა რუტემ.
რუტემ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე იმის შესახებ, ისაუბრა თუ არა ტრამპმა ნატო-დან გასვლაზე, თუმცა საუბარს „ძალიან გულწრფელი და ღია“ უწოდა.
მისი თქმით, ევროპის დიდი ნაწილი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტს, როდესაც საქმე ეხება ირანის შესაძლებლობის მოშლას, რომ „ქაოსის ექსპორტი“ მოახდინოს.
რუტესა და ტრამპის შეხვედრა 24 საათზე ნაკლებ დროში შედგა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ლიდერმა ირანთან ორკვირიანი ზავის შესახებ განაცხადა.