სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია, სადაც მას საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ, მისმა მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ და მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუმრებმა დაათვალიერეს მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიციები, მათ შორის, „ქვის ხანა საქართველოში“, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური მასალა.
ასევე, პირველმა ქალბატონებმა დაათვალიერეს საგამოფენო სივრცე „არქეოლოგიური საგანძური“, სადაც წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური საიუველირო ნაკეთობები, რომლებიც ძვ. წ. III ათასწლეულიდან ახ. წ. IV საუკუნემდე თარიღდება. გამოფენა ნათლად წარმოაჩენს ქვეყნის უძველეს კულტურულ ტრადიციებს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს „აზერხალიჩის“ წარმოების ხუთი უნიკალური ხალიჩა გადასცა, რომლებიც ტრადიციული წესით, შალისა და აბრეშუმის ძაფებით ხელით არის ნაქსოვი.