საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ გიგლა თამაზაშვილთან ერთად, სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დადგენილ საირიგაციო წყლის ტარიფსა და სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სუბსიდირების ახალ სქემას, რომელიც ფერმერთა მხარდაჭერასა და აგროსექტორის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს აღნიშნული მექანიზმების ეფექტიანად დანერგვისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებზე.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს რეფორმებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმები განხილული იყოს რეგიონის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან. რეგიონებთან შეხვედრები ეტაპობრივად ხდება. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ძალიან კარგი ფორმატის ორგანიზებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული რეფორმა, რაც ხორციელდება, იყოს მაქსიმალურად ადაპტირებული მუნიციპალიტეტების და რეგიონების საჭიროებებზე, რადგან რეფორმები ხორციელდება იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრების დროს იყო წამოჭრილი; რეაგირებებიც ზუსტად ამ საკითხების შეჯამების საფუძველზე მოხდა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მზაობა, წყლის რესურსების მართვა და რეგიონებში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფა. ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზეც, რომლებიც მელიორაციის სისტემაში ჯერ კიდევ არსებობს და საჭიროებს დროულ რეაგირებას.
ხაზი გაესვა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, რაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს აგროსექტორის განვითარებაში, ფერმერთა ინტერესების დაცვასა და რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში. აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს კონკრეტული პროექტების ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებას.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა დოლიძე, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი ესწრებოდნენ.