კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო“ კატეგორიულად გმობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის უკანონო დაკავებისა და ქვეყნიდან გაძევების ფაქტს - კოალიცია მოითხოვს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტზე, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ანტისამართლებრივ აქტში, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ განცხადებაშია აღნიშნული.
კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტზე, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ანტისამართლებრივ აქტში.
„კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო“ კატეგორიულად გმობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის უკანონო დაკავებისა და ქვეყნიდან გაძევების ფაქტს, რაც წარმოადგენს ღია დემარშს ევროპული სამართლებრივი სივრცის წინააღმდეგ, რადგან პირდაპირ უგულებელყოფს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აფგან სადიგოვის საქმე იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეგნებულად და ცინიკურად უგულებელყო საერთაშორისო ვალდებულებები და ფარულად, შუაღამეს, ფორსირებულ რეჟიმში ჩაატარა სასამართლო პროცესი, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ავტორიტარიზმის მორიგი გამოხატულებაა.
„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მისთვის ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება და საერთაშორისო სამართალი მხოლოდ დეკლარაციაა და არა ვალდებულება.
„ქართული ოცნება“ ქვეყნის სუვერენიტეტზე მხოლოდ მაშინ საუბრობს მაღალი ტრიბუნებიდან, როცა სურს გაამართლოს მისი არადემოკრატიული ნაბიჯები. სინამდვილეში კი, როცა მას სჭირდება, მაშინ სრულად უგულებელყოფს საქართველოს დემოკრატიულ და ეროვნულ ინტერესებს.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის გზავნილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დაარღვიოს კანონი, თუ ეს მის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.
კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტზე, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ანტისამართლებრივ აქტში!“, - აღნიშნულია განცხადებაში.