სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, თუ რუსეთი გაზის საფასურს გაზრდის, - ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა,
თუმცა სიმონიანის თქმით, არ ფიქრობს, რომ საქმე აქამდე მივიდეს.
„მაგრამ არ მგონია, საქმე აქამდე მივიდეს, რადგან ასევე ვიცი, რომ ამის შემდეგ ქვეყნების ლიდერებს შორის ძალიან კარგი, პროდუქტიული და ნაყოფიერი საუბარი შედგა», - აღნიშნა სიმონიანმა.
სომხეთისთვის გაზის ფასის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა:
„მსგავსი საუბრები უკვე შედგა და თუ მივაღწევთ იმ დონემდე, რომ ამასთან დაკავშირებულ რაიმე ქმედებას დავინახავთ, მე ან მთავრობის წარმომადგენელი კომენტარს გავაკეთებთ სიტუაციაზე. ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია რუსეთის წინააღმდეგ, არაფერს ვაკეთებთ და არაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ამავდროულად დავიცავთ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებს,“ - განაცხადა სიმონიანმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნა, რომ სომხეთი რუსულ გაზს შეღავათიან ფასად იღებს.
„დღეს, თქვენ იცით, ენერგომატარებლების, გაზის ფასები ევროპაში 600 დოლარს აღემატება ათას კუბურ მეტრზე, ხოლო რუსეთი სომხეთს გაზს 177.5 დოლარად აწვდის. სხვაობა დიდია, სხვაობა არსებითია,“ - განაცხადა პუტინმა.