სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, რომელსაც ექნება კონკრეტული საფუძველი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველას ვპირდებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული, მაგრამ სადაც იქნება საბოტაჟის, შანტაჟის, თუ გამოძალვის მცდელობა, იქ სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ნამახვანი“ არის მძიმე, შავი ლაქა უახლეს ისტორიაში.
„როდესაც ენერგეტიკაზე ვსაუბრობთ, სახელმწიფომაც აჩვენა სისუსტე სხვადასხვა მიმართულებით, ასევე იყო ძალიან მძიმე საბოტაჟი, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა. პოლიტიკური შეფასებით, ეს იყო ცალსახად საბოტაჟი, თუ ამას სამართლებრივი შეფასებაც მიეცემა, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე.
რაც შეეხება ენჯეოებს, მინდა გავიხსენო კონკრეტული ორი ენჯეო, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული პროტესტში. ეს იყო საია, EMC, ეს ორი ორგანიზაცია, რომელიც სხვა მიმართულებითაც ღია იყო შემჩნეული სახელმწიფოს საწინააღმდეგო, მტრულ საქმიანობაში და ისინი პირდაპირ ფინანსდებოდნენ უცხოური წყაროებისგან. მათ ეწოდებოდათ არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა სინამდვილეში, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისინი იყვნენ უცხოური სამთავრობო ორგანიზაციები, რადგან პირდაპირ ფინანსდებოდნენ უცხოური მთავრობების მიერ, უცხოური წყაროებიდან. რაც შეეხება სახალხო პროტესტს, საუბარი იყო, რომ ყველანაირი სახალხო პროტესტი არის ჩვენთვის მიუღებელი, ამაში ვერ დაგეთანხმებით. პროტესტი როდესაც არის ბუნებრივი, ის მართლა სახალხოა ხოლმე. ჩვენ არაერთხელ გაგვითვალისწინებია სახალხო პროტესტის მოთხოვნები, მაგრამ სახალხო პროტესტი არ არის ის, როდესაც 150 კაცი კეტავს რუსთაველის გამზირს 300 დღის განმავლობაში. თქვენ იცით, რომ ამის საპირისპიროდ მიღებული იქნა კანონები, რომლებსაც დღეს უწოდებენ რეპრესიულ კანონებს. რა შუაშია აქ რეპრესიები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ყველას აქვს პროტესტის უფლება საქართველოში, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესებიც არის დაცული.
„სადაც კანონი იცავს სახელმწიფო ინტერესებს, თქვენ იმას უწოდებთ რეპრესიულ კანონმდებლობას, რაც არ არის მართებული. ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ რეალური სახალხო პროტესტი და საბოტაჟის მცდელობები, მათ შორის ფინანსური შანტაჟის მცდელობები. სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, რომელსაც ექნება კონკრეტული საფუძველი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველას ვპირდებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული, მაგრამ სადაც იქნება საბოტაჟის, შანტაჟის, თუ გამოძალვის მცდელობა, იქ სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაქცია“, - განაცხადა პრემიერმა.