საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახლო აღმოსავლეთში ომის გამო აშშ-ის მოკავშირეების მიმართ მისი ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის კრიტიკას უპასუხა.
ამის შესახებ მან სამხრეთ კორეაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იუწყება France24.
მაკრონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აშშ-ისრაელის ომი ახლო აღმოსავლეთში საფრანგეთის ოპერაცია არ არის.
„შეიძლება ისინი წუწუნებენ, რომ მათ არ ეხმარებიან, მაგრამ ეს ჩვენი ოპერაცია არ არის. ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მალე დადგეს მშვიდობა. ეს შოუ არ არის“, - თქვა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ ასეთ საკითხებში „სერიოზული“ უნდა იყო.
„ჩვენ ომსა და მშვიდობაზე ვსაუბრობთ სერიოზული უნდა იყო. და თუ სერიოზული გინდა იყო, ყოველდღე არ უნდა გაიმეორო იმის საპირისპირო, რაც გუშინ თქვი“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, აღდგომისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი ცუდად ექცევა და ყბაში დარტყმისგან გონს ჯერ არ მოსულა, ვუთხარი, სპარსეთის ყურეში გვინდა დახმარება, მიპასუხა, ეს ომის შემდეგ შეგვიძლიაო“.