„რატომ უნდა გამიხარდეს ელენე ხოშტარიას დაკავება? ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე თავადვე ვართ პასუხისმგებლები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.
როგორც მან პარტია „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიასთვის პატიმრობის მისჯის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ეს საქმე არის პოლიტიკური სპეკულაცია, რადგან ადგილი ჰქონდა საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართულ ხელის შეშლას, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.
„ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სპეკულაცია და თავად ელენე ხოშტარიამაც ძალიან კარგად იცის. ის განცხადებები, რაც ჩვენ თუნდაც ელჩის მხრიდან მოვისმინეთ, არის წახალისება. ამ ბოროტებას ზუსტად ეს ადამიანები ახალისებენ, ისინი აღვივებენ ხელს უწყობენ პოლარიზაციას. ეს ექსტრემისტული დაჯგუფება იმართება გარედან - რა მითითებებსაც მისცემენ, იმას ასრულებენ. ჩვეულებრივი უსამშობლო მოღალატეები არიან და ებრძვიან სახელმწიფოს, ყველაფერ წმინდას - კულტურას, წარსულს, ტრადიციებს. ეს ადამიანები წლების განმავლობაში გარე ძალებისგან ფინანსდებოდნენ.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, ეს ხომ არ არის უბრალოდ ფოტოს გაფუჭება. კონკრეტულ ქმედებებს კონკრეტულ დროსა და მოცემულობაში შესაბამისი შეფასება ეძლევა. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა. ეს ხელის შეშლა კი წახალისებული იყო ქვეყნის გარედან. ეს ვითომ დიპლომატები დღეს რომ ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ, სწორედ ისინი ახალისებდნენ მსგავს პროცესებს. ერთი განცხადება არავის მოუსმენია რომელიმე ევროპელი ელჩისგან იმასთან დაკავშირებით, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა - შტაბთან მისვლა, გინება, ფურთხება, ბანერების დაზიანება, შეურაცხყოფა და ა.შ. ისინი თავად იყვნენ ამ ყველაფრის დამფინანსებლები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, ყველა პოლიტიკოსს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ წინა საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლისთვის თავისი ხედვა წარედგინა, თუმცა მათ არჩიეს ისეთი ქმედებები, რასაც ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ.
„მე არავის დაკავება არ მიხარია. რატომ უნდა გამიხარდეს ელენე ხოშტარიას დაკავება? ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე თავადვე ვართ პასუხისმგებლები. მესმის, რომ შეიძლება ადამიანს გარკვეული პროტესტი ჰქონდეს, მაგრამ არსებობს ამ პროტესტის გამოხატვის კანონი და ჩარჩოები. გარკვეული ქმედებები, შეურაცხყოფა, ფიზიკური დაპირისპირება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ხომ თავისუფალ, დემოკრატიულ და ცივილურ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც ყველა პოლიტიკოსს აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი ხედვა მიიტანოს ქართველ ამომრჩეველთან. მაგრამ მათ წინა მსგავსი არაფერი აქვთ სათქმელი. შესაბამისად, გადადიან შეურაცხყოფაზე, მუშტი-კრივზე, ხულიგნობაზე და იმგვარ ქმედებებზე, რაც ვიხილეთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წინ“, - განაცხადა კახა კალაძემ.