იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ რომში ისრაელის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ისრაელის პოლიციამ იერუსალიმის ლათინთა პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და კიდევ სამ სასულიერო პირს, ბზობის კვირას ეკლესიაში კურთხევის აღსავლენად შესვლაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ტაიანი X-ზე წერს.
კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა და ბერი ფრანჩესკო იელპო ისრაელის პოლიციამ გააჩერა, როდესაც ისინი ბზობის კვირას წირვის ტაძრისკენ მიემართებოდნენ.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იერუსალიმის ძველ ქალაქში ყველა წმინდა ადგილი, მათ შორის ქრისტიანების, მუსლიმებისა და ებრაელებისთვის წმინდა ადგილები, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციის დაწყების შემდეგ დაკეტილია მლოცველებისთვის, განსაკუთრებით კი ის ადგილები, სადაც თავშესაფრები არ არის. მათ ასევე თქვეს, რომ უარყვეს საპატრიარქოს მოთხოვნა წირვის ჩატარების შესახებ.
ისრაელის მთავრობის განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა ბალისტიკური რაკეტებით არაერთხელ მიიტანა იერიში იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილების წინააღმდეგ და ერთ-ერთი დარტყმის დროს, რაკეტის ფრაგმენტები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა. ისრაელის მთავრობის განცხადებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისრაელმა დროებით სთხოვა ყველა სარწმუნოების წარმომადგენელ მრევლს, არ შეასრულონ მსახურება იერუსალიმის ძველი ქალაქის წმინდა ადგილებში.
მომხდარს გამოეხმაურა ისრაელში აშშ-ის ელჩი, მაიკ ჰაკაბიც.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ისრაელის პოლიციის გადაწყვეტილება, რომ ლათინთა პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და კიდევ სამ სასულიერო პირს, ბზობის კვირას ეკლესიაში კურთხევის აღსავლენად შესვლაზე უარი ეთქვა, უფლებამოსილების სამწუხარო გადაჭარბებაა, რომელსაც უკვე სერიოზული შედეგები აქვს მთელ მსოფლიოში.
კრიტიკული შეფასებების შემდეგ, ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს.