საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა და მოუწოდა თეირანს, შეწყვიტოს თავდასხმები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე. ამის შესახებ მაკრონი X-ზე წერს.
„მე ახლახან ვესაუბრე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს. მე მოვუწოდე მას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მიუღებელი თავდასხმები, რომლებსაც ირანი ახორციელებს რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ,“ - წერს მაკრონი.
მაკრონმა გაიხსენა, რომ საფრანგეთის ჩარევა მხოლოდ თავდაცვის პოლიტიკას ეფუძნება, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული ინტერესების დაცვას, რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთის სამიზნედ გადაქცევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.
„უკონტროლო ესკალაცია, რომლის მოწმენიც ვართ, მთელ რეგიონს ქაოსში აგდებს, რასაც სერიოზული შედეგები ახლა და მომავალ წლებში მოჰყვება. მსხვერპლი როგორც ირანში, ასევე მთელ რეგიონში მცხოვრები ადამიანები არიან,“ - წერს მაკრონი,
მაკრონის აზრით, მხოლოდ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურას შეუძლია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. მისი თქმით, ასეთმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს, რომ ირანმა არ შეიძინოს ბირთვული იარაღი და პასუხისმგებელი იყოს მისი სარაკეტო პროგრამითა და რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებით გამოწვეულ საფრთხეებზე.
საფრანგეთის ლიდერმა ასევე მოუწოდა ირანს, რაც შეიძლება მალე აღადგინოს თავისუფალი ნაოსნობა ჰორმუზის სრუტეში.