სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 11 მარტს პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, კანონმდებლობა განსაზღვრავს, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამომძიებლის/პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის (პაემანის, სატელეფონო საუბრის და მიმოწერის) შეზღუდვის შესაძლებლობას.
„პრობლემას წარმოადგენს შეზღუდვის ავტომატურად ბრალდებულის არასრულწლოვან შვილებზე გავრცელება, რადგან არ არსებობს სპეციალური წესი, რომელიც ხსენებულ საკითხს დაარეგულირებს.
სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, პატიმრობაში მყოფი მშობლების ბავშვების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება არ შეიზღუდოს ბლანკეტურად, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელზე მეტი ინტენსივობითა და ხანგრძლივობით. კანონმდებლობაში უნდა განისაზღვროს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის გარანტიები, ყოველი ინდივიდუალური საქმის გარემოებების შეფასების შედეგად.
სახალხო დამცველი, შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებზე მითითებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს – საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად, განისაზღვროს კონკრეტული წესი, რომლის თანახმად, საგამოძიებო ორგანოს დაევალება, განიხილოს ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბრალდების სპეციფიკისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობის საკითხი“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის გავრცელებულ ინფორმაციაში.