ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა შესაძლოა, უკრაინას გარკვეული უპირატესობა მისცეს და ამ რეგიონში არსებულმა დაძაბულობამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს რუსეთისა და ირანის სამხედრო თანამშრომლობას. იუწყება Bloomberg
სტუბი მიიჩნევს, რომ ირანზე აშშ-სა და ისრაელის დარტყმები, ასევე თეირანის კონტრშეტევები ახლო აღმოსავლეთსა და რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში აშშ-ის ბაზებზე ნიშნავს, რომ „ირანსა და რუსეთს ახლა აღარ შეუძლიათ თანამშრომლობა სარაკეტო და თავდაცვით ინდუსტრიებში“.
გარდა ამისა, მისი აზრით, გლობალური ყურადღების ირანზე გადატანამ შესაძლოა უკრაინის მიმართ დიპლომატიის შესაძლებლობები შექმნას, რაც „მოლაპარაკებებს სივრცეს მისცემს, რომ რაიმე მოიფიქრონ ყურადღების ცენტრში ყოფნის გარეშე“.
თუმცა, მისი თქმით, რუსეთს უკვე აქვს ორი ქარხანა, რომლებიც ირანული ტექნოლოგიების გამოყენებით „შაჰედის“ ტიპის დრონებს აწარმოებენ.
მან აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის სავარაუდო უარყოფითი შედეგია ნავთობის ფასების ზრდა, „რაც, არსებითად, რუსეთის სამხედრო მანქანას გამოკვებავს“, რადგან რუსეთი ნავთობის მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორია.