გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, 3 მარტს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ევროპა არ მიიღებს უკრაინის შესახებ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მისი მონაწილეობის გარეშე დაიდება.
მერცის თქმით, ევროპა არ დათანხმდება უკრაინასთან დაკავშირებით ევროპელების პოზიციის გაუთვალისწინებლად დადებულ შეთანხმებას.
„ევროპელების მონაწილეობის გარეშე შეთანხმება არ იქნება,“ - თქვა მან.
მერცმა განაცხადა, რომ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს მან ხაზი გაუსვა მოსკოვზე ზეწოლის გაზრდას. ის დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლის გაზრდით წავა პუტინი დათმობებზე.
„რუსეთს დროს გაჰყავს და ამით ამერიკის პრეზიდენტის სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. დღეს მე მოსკოვზე ზეწოლის გაზრდისკენ მოვუწოდე,“ - აღნიშნა მერცმა.