გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკრაინისა და მოლდოვის გაყოფა მოსალოდნელი არ არის თუმცა ეს შეიძლება შეიცვალოს, თუ უკრაინა საჭირო რეფორმების განხორციელებას შეანელებს. ამის შესახებ კოსმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების გზა ერთად დაიწყეს და ამ პროცესში ერთად რჩებიან.
„შემდეგ კი ვნახავთ, როდის განახორციელებთ რეფორმებს. თქვენ იცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. და თუ უკრაინა გაწევრიანებისკენ მოლდოვას მსგავსად წავა, თქვენ ერთად დარჩებით. თუ არა, თქვენი გზები გაიყოფა“, - აღნიშნა კოსმა.
მისივე თქმით, ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების პროცესის ახალი წესების პროექტს რამდენიმე თვეში წარადგენს.
„ჯერ კიდევ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ბოლოს და ბოლოს, საქმე ევროპის მომავალს ეხება. რთულია, ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ ერთსულოვანი გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე მიიღონ, სადაც კონსენსუსია საჭირო. ამიტომ, ღირს იმის განხილვა, თუ როგორ მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა მარტა კოსმა.