არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ განმარტავს, ბრიტანული სანქციების დაწესების შემდეგ, რა შეზღუდვებისა და პრობლემების წინაშე შესაძლოა დადგნენ ტელეკომპანიები „იმედი“ და POST TV.
ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანიები ვერ მიიღებენ შემოსავალს რეკლამიდან, ვერ გასცემენ ხელფასებს, ვერ იყიდიან სერიალებს, გაუუქმდებათ გასართობი გადაცემების ლიცენზიები, ვერ მიიღებენ ბანკის მომსახურებას, ვერ აიღებენ სესხს და ახალ დაფინანსებას, ვერ გაყიდიან ან გააქირავებენ ქონებას, ვერ შეიძენენ ან იქირავებენ ტექნიკას, საბანკო გადარიცხვებით კომუნალურებს ვერ გადაიხდიან, თანამშრომლებს ბანკიდან სესხის აღება გაურთულდებათ.
„სანქციების დაწესებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ „იმედი“ და POST TV გამოაცხადა რუსეთის სასარგებლოდ საინფორმაციო ომში ჩართულ მხარედ და მიზნად დაისახა მათი საქმიანობის შეჩერება ფინანსური შეზღუდვის გზით.
ბრიტანული სანქციის ეფექტი სცილდება მხოლოდ ბრიტანეთის იურისდიქციას. მეორადი სანქციის რისკისა და რეპუტაციული ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ბრიტანულ სანქციებს მთელი დასავლური სამყარო, განსაკუთრებით კი დასავლური საფინანსო სისტემა, იცავს. იმის გამო, რომ ქართული საბანკო სისტემა დასავლური სისტემის ნაწილია, ის იძულებულია დაემორჩილოს მის წესებს, თუ ბიზნესის შენარჩუნება სურს. ამ შემთხვევაში, ეს ნიშნავს ყველა ქართული ბანკის (და არა მხოლოდ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“) მიერ დასანქცირებული ტელეკომპანიებისთვის ყველანაირ სერვისებზე უარის თქმას. შესაბამისად, ბრიტანული სანქციების შედეგად „იმედსა“ და POST TV-ის შემდეგი კონკრეტული პრობლემები შეექმნებათ: 1. გაეყინებათ ანგარიშები და ანგარიშებზე არსებული თანხები ქართულ ბანკებში. 2. ვერ მიიღებენ ვერანაირ შემოსავალს, მათ შორის შემოსავალს რეკლამიდან. 3. რეკლამის ან შემოსავლის ნებისმიერი მიმცემი, ბიზნესი თუ სახელმწიფო დაწესებულება, მეორადი სანქციის რისკის წინაშე დადგება. 4. ვერ გასცემენ ხელფასებს თანამშრომლებზე. 5. წარმოიშობა ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების გამოძიების საფუძველი. 6. თანამშრომლებს გაუჭირდებათ სესხის აღება და შესაძლოა საერთოდ უარი ეთქვათ საბანკო მომსახურებაზე. 7. თანამშრომლებს მოუწევთ დამალონ მათი კავშირი „იმედთან“ და POST TV -სთან, რათა არ შეექმნათ პრობლემები. 8. ტელეკომპანიები ვერ მიიღებენ საბანკო სესხს ან სხვა საბანკო მომსახურებას. 9. ვერ მიიღებენ ვერანაირ სხვა სახის დაფინანსებას. 10. ვერ გაყიდიან ან გააქირავებენ ქონებას. 11. ვერ იყიდიან ან იქირავებენ ტექნიკას. 12. დაკარგავენ დასავლური გასართობი გადაცემების გამოყენების ლიცენზიებს. 13. ვეღარ შეიძენენ უცხოური სერიალების ტრანსლირების უფლებას. 14. გადაიხედება მაუწყებლობასთან დაკავშირებული ყველა სერვისი. 15. დაკარგავენ ჟურნალისტური საქმიანობის აკრედიტაციას დასავლურ ქვეყნებში. 16. შეეზღუდებათ სოცმედიის გამოყენება / ვერ გაუშვებენ რეკლამებს. 17. ვერ შეძლებენ კომუნალური მომსახურების გადახდას. 18. გაუჭირდებათ ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება და საფასურის გადახდა.
მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება შესაძლოა გახდეს მეორადი სანქციის საფუძველი. ამის მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის შესაბამისი უწყება. დიდი ბრიტანეთის სანქცია ასევე ნიშნავს, რომ „იმედი“ და POST TV ამიერიდან გახდნენ მსოფლიო მასშტაბით გამომძიებელ ჟურნალისტთა და სანქციებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციათა დაკვირვების სამიზნე, რომელთა ძალისხმევით არ დაიმალება იმ პირთა და კომპანიათა ვინაობა, ვინც დაეხმარება რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ ტელეკომპანიებს სანქციების გვერდის არიდებაში. შესაბამისად, ნებისმიერმა ქართულმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა თავი უნდა შეიკავოს „იმედისა“ და POST TV-ისთვის ნებისმიერი ფორმით, პირდაპირ და არაპირდაპირ, ნებისმიერი სახის სახსრების მიწოდებისგან, სერვისის გაწევისა და შეღავათის მიცემისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ეს პირი თუ კომპანია დადგება მეორადი სანქციის რისკის წინაშე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.