„იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„„იმედზე“ თავდასხმით გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ქართველ ხალხს სიმართლესა და თავისუფალ სიტყვაზე წვდომა შეუზღუდონ. ეს არის ქართველი ხალხის დასანქცირება. რატომ დასანქცირდა ეს არხები, ამის საუკეთესო ახსნას იმ ჟრიამულში ვხედავთ, რასაც აგენტურა, რადიკალები აწარმოებენ. დიდი ალბათობით, უკრაინის გავლით, სწორედ მათი მხრიდან იყო გაგზავნილი მოთხოვნა, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ დაესანქცირებინათ, რათა ამოიკეტოს სიმართლის თქმის საშუალება. როგორც ჩანს, ადამიანის რესურსი, რომ უტიფარი იყოს, განუსაზღვრელია. ვერ წარმომიდგენია, დიდი ბრიტანეთის ელჩმა მტკიცება დაიწყოს, რომ დასანქცირების საფუძველი არის ის, რაც წერია ან ამ საფუძველს ეთანხმება, თუმცა არაერთი შემთხვევა გვინახავს, როცა დიპლომატები ნეგატიურ როლს თამაშობენ ქვეყნებს შორის გაჩაღებულ არასწორ პროცესებში, იმის ნაცვლად, რომ გაუგებრობების აღმოფხვრას ემსახურებოდნენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.