რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავის წინა დღეს, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევამ უნდა უზრუნველყოს მისი ტერიტორიული მთლიანობა. ამის შესახებ მან უკრაინულ გამოცემა „უკრინფორმს“ განუცხადა.
„რუსეთის ფედერაციის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხი წლის განმავლობაში, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, კერძოდ, გაეროს ქარტიის დარღვევას, უკრაინამ განიცადა დამანგრეველი დანაკარგები და იძულებით გადაადგილება, თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები, მათ შორის ბავშვების მიმართ,“ - განაცხადა გუტერეშმა.
მისი თქმით, ომის განმავლობაში გაერო-ს თანამშრომლები უკრაინაში რჩებოდნენ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდნენ „სადაც ეს საჭირო იყო, განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე“.
„კარგად მახსოვს ჩემი ვიზიტები უკრაინაში, სადაც საკუთარი თვალით ვნახე ამ ომის მიერ გამოწვეული ნგრევა. სწორედ ამიტომ მივესალმები ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სამართლიანი და ინკლუზიური მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა გუტერეშმა.
გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობა სრულად უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციების შესაბამისად.