ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ევროკავშირმა, კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება, რომ საქართველოს მეგობრებს ჩვენ ვახსოვართ.
იმედია, ამაზე იქნება საუბარი,“ - წერს დეკანოიძე.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მოიპოვეს დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის გაავრცელა, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის დათმობები, რაზეც რუსეთი უკრაინასთან შეერთებული შტატები შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში უნდა წავიდეს. მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას და მეზობელი ქვეყნებიდან მათ გაყვანას, რეპარაციების გადახდას და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ულტიმატუმი ითვალისწინებს ბელარუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და „რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში“.