კირ სტარმერი სოციალური მედიის შესახებ კანონპროექტის მიღებას მომდევნო თვეებში გეგმავს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. სტარმერის თქმით, მთავრობა უახლოეს თვეებში გეგმავს კანონმდებლობის წარდგენას, რომელიც დაარეგულირებს ბავშვების სოციალურ მედიაზე წვდომას და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას.
სტარმერმა აღნიშნა, რომ მთავრობა სამი თვის განმავლობაში კონსულტაციებს აწარმოებდა იდეის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ყველა არგუმენტი უნდა იყოს გათვალისწინებული.
„ზოგიერთი ამბობს, რომ სოციალურ მედიაზე წვდომა 16 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს აეკრძალოს. სხვები ამბობენ, რომ ეს ბავშვებს კიდევ უფრო ბნელი ადგილებისკენ უბიძგებს. დღეს ახალგაზრდებს შევხვდი და მითხრეს, რომ ისინი ახალ ამბებს სოციალური მედიიდან იგებენ და ეს ახალ ამბებზე წვდომაში მათ ხელს შეუშლის. ამიტომ ეს ყველაფერი დეტალურად უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
დეკემბერში ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედია აკრძალა. 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ მედიასთან წვდომა აიკრძალა საფრანგეთში. ასევე იგეგმება ესპანეთში, საბერძნეთში, ჩეხეთში.