აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის წინააღმდეგ ხანგრძლივი, რამდენიმეკვირიანი ოპერაციებისთვის ემზადებიან, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაზე თავდასხმის ბრძანებას გასცემს, იმ შემთხვევაში თუ დიპლომატიური შეთანხმება ვერ მოხდება. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ხანგრძლივი კამპანიის შემთხვევაში, აშშ-ის სამხედრო ძალებს შეუძლიათ დარტყმა მიაყენონ არა მხოლოდ ბირთვულ ინფრასტრუქტურას, არამედ ირანის მთავრობისა და უსაფრთხოების ობიექტებსაც.
ამ შემთხვევაში, ამერიკელი ჯარებისთვის რისკები გაცილებით დიდი იქნება, რადგან ირანს რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგი აქვს.
თეირანის საპასუხო დარტყმები ასევე ზრდის რეგიონალური კონფლიქტის რისკს.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს შეიძლება ქვეყნებს შორის გაცილებით სერიოზულ კონფლიქტად იქცეს, ვიდრე ამ დრომდე.
როდესაც თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ანა კელიმ, აშშ-ის პოტენციურად ხანგრძლივი სამხედრო ოპერაციისთვის მზადების შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვეს, მან განაცხადა, რომ პრეზიდენტს ირანთან დაკავშირებით „ყველა ვარიანტი“ აქვს.
„ის ნებისმიერ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრებას ისმენს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებს, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - დასძინა კელიმ.
პენტაგონმა ოპერაციის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო აქტივობის ზრდა ირანთან მისი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს უკავშირდება. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს იანვრის დასაწყისიდან თავდასხმებით ემუქრება.
ტრამპმა თავდაპირველად ირანის რეჟიმი გააკრიტიკა ანტისამთავრობო პროტესტების ჩახშობისთვის, შემდეგ კი ყურადღება ქვეყნის ბირთვულ შესაძლებლობებზე გაამახვილა.
14 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში რეჟიმის შეცვლა „საუკეთესო რამ იქნებოდა, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო“.
მან ასევე დაადასტურა, რომ მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი, USS Gerald R Ford, ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება, იმ შემთხვევისთვის თუ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები შეთანხმებით ვერ დასრულდება. 17 თებერვალს, ამერიკული დელეგაცია ჟენევაში ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.