ოკუპირებულ ცხინვალში რუსული პასპორტების გაცემის ოფისი საზეიმოდ გაიხსნა. ინფორმაციას გამოცემა „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ცერემონია ცხინვალში, ე.წ. ერთობლივი საინფორმაციო და კოორდინაციის ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის ე.წ. ელჩი მარატ კულახმეტოვი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარე ძამბოლათ თადთაევი, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ერისლავ მამიევი და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დმიტრი სერგიენკო.
მარატ კულახმეტოვმა პუნქტის გახსნას „ორი ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მიხარია სამხრეთ ოსეთის გამო. ეს ჩვენი მოკავშირეობრივი ურთიერთობების ნათელი დადასტურებაა. ამ პუნქტის გახსნა აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს საერთო, დიდი სამშობლო, საერთო, დიდი ისტორია“, - თქვა მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა.