უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტიზას“ ლიდერმა პეტერ მადიარმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომლებმაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართეს, საუბარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე ხუმრობით დაიწყეს.
შესაბამისი ვიდეო საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე „ტიზას“ ლიდერმა გამოაქვეყნა.
კერძოდ, მადიარმა პოლონეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თავისი კანდიდატი, ანიტა ორბანი წარუდგინა.
„ეს უბრალოდ დამთხვევაა“, - უთხრა მადიარმა ტუსკს პოლიტიკოსის წარდგენისას.
საპასუხოდ, პოლონეთის მთავრობის მეთაურმა თქვა: „ვიცი, მე დონალდი მქვია“.