სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა უკრაინის იძულება, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აგრესორი ქვეყნის პირობებით.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას და უკრაინის სტრატეგიულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას.
„მშვიდობიანი მოსახლეობისთვის პასუხი არ შეიძლება იყოს რუსეთისთვის დათმობა, არამედ ჩვენს მიერ მასზე განხორციელებული ზეწოლის გაძლიერება,“ - განაცხადა მაკრონმა.
მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მოუწოდებს უკრაინას, „მიიღოს რუსეთის პირობები“. მაკრონმა განაცხადა, რომ ეს სტრატეგიული შეცდომაა. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთზე ეს ზეწოლა“, - დაჟინებით განაცხადა მან.
მან ასევე გააფრთხილა, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერენ, ევროპას მოუწევს რუსეთთან „თანაცხოვრების წესების განსაზღვრა“, რათა „შეზღუდოს ესკალაციის რისკი“.
„ევროპელებმა ეს სამუშაო საკუთარი მოსაზრებებისა და ინტერესების გათვალისწინებით უნდა დაიწყონ“, - განაცხადა მაკრონმა.
მან შესთავაზა ევროპელებს „დაიწყონ კონსულტაციების სერია ამ მნიშვნელოვან საკითხზე“. მან ასევე შესთავაზა, რომ თუ ევროპას სურს რუსეთთან „ძალის პოზიციიდან“ საუბარი, მან „აქტიურად უნდა განავითაროს თავისი ინსტრუმენტები“ თავდაცვის საკითხებში.