რუსეთის ყოველი დარტყმა ძირს უთხრის ნდობას ყველაფრის მიმართ, რაც დიპლომატიურად კეთდება ამ ომის დასასრულებლად. რუსეთის არმია არ ემზადება შეჩერებისთვის; ისინი ემზადებიან ბრძოლის გასაგრძელებლად. ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გუშინ ღამით რუსეთის თავდასხმას.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხარკოვზე რუსეთის მიერ გუშინ განხორციელებულმა თავდასხმამ სამი ბავშვისა და მათი მამის სიცოცხლე შეიწირა.
„დღეს დილით, ზაპოროჟიეს საავადმყოფოზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. სუმის ოლქში ღამით დრონის თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. დილით ადრე ასევე თავდასხმა მოხდა კონოტოპის რკინიგზის დეპოზე - დაზიანდა სახანძრო მატარებელი. მათ ასევე დაარტყეს დნიპროს, ზაპოროჟიესა და პოლტავის ოლქებს. გუშინდელი ღამიდან მოყოლებული, უკრაინაში სულ 129 თავდასხმის დრონი გაუშვეს, რომელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა „შაჰედის“ დრონები იყო“, - განაცახდა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთის ყოველი ასეთი დარტყმა ძირს უთხრის ნდობას ყველაფრის მიმართ, რაც დიპლომატიურად კეთდება ამ ომის დასასრულებლად და არაერთხელ ადასტურებს, რომ სწორედ რუსეთზე მკაცრი ზეწოლა და უკრაინისთვის უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებია მკვლელობების დასრულების რეალური გასაღები“.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიდრე რუსეთზე ზეწოლა არასაკმარისია და უკრაინის უსაფრთხოება გარანტირებული არ არის, ყველაფერი დანარჩენი არაეფექტურია.
„რუსეთის არმია გაჩერებას არ აპირებს - ისინი ბრძოლის გაგრძელებისთვის ემზადებიან.
სინამდვილეში კი, მხოლოდ ჩვენი ძალა მუშაობს სიცოცხლის დასაცავად და ეს ნიშნავს, რომ უნდა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა და გაძლიერება. ჩვენი სახელმწიფოს საჰაერო თავდაცვა, ჩვენი მდგრადობის მხარდაჭერის პაკეტები და რუსეთის პასუხისმგებლობა იმაზე, რაც კეთდება, სიცოცხლის დაცვის აუცილებელი წინაპირობაა. მშვიდობისთვის უსაფრთხოება აუცილებელია“, - თქვა ზელენსკიმ.