მაშინ, როდესაც ირანის სისხლიანი თეოკრატიული რეჟიმის დაპირისპირება თავისუფალი სამყაროს ლიდერთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო კონფლიქტის ზღვარზეა, საქართველოს ტერიტორიაზე, მარნეულში ღიად მიმდინარეობს აიათოლა ხამენეის განდიდება ჩვენივე მოქალაქეების მონაწილეობით, - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" განცხადებაშია აღნიშნული/
მათივე განცხადებით, სანამ სპეცსამსახურები ტროტუარებზე მშვიდობიან შეკრებას ტერორიზმივით ებრძვიან, ქვეყანაში დაუბრკოლებლად მიმდინარეობს როგორც რუსეთის, ისე ირანის მტრული გავლენის ინფილტრაცია.
"მაშინ, როდესაც ირანის სისხლიანი თეოკრატიული რეჟიმის დაპირისპირება თავისუფალი სამყაროს ლიდერთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო კონფლიქტის ზღვარზეა, საქართველოს ტერიტორიაზე, მარნეულში ღიად მიმდინარეობს აიათოლა ხამენეის განდიდება ჩვენივე მოქალაქეების მონაწილეობით.
ეს არ არის რიგითი რელიგიური შეკრება, ეს არის ტერორისტული სახელმწიფოს რადიკალური იდეოლოგიის ექსპანსიის პირდაპირი მაგალითი ჩვენს მოქალაქეებში, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის პირდაპირი გამოწვევაა.
ამ შეკრებას ხელმძღვანელობდნენ იგივე ჯგუფები, რომლებმაც 2023 წელს მარნეულში ტერორისტული ორგანიზაციის, ჰამასის მხარდამჭერი დემონსტრაციები გამართეს.
ამ დროს, ივანიშვილის სუსი, რომელსაც 2026 წლიდან ორჯერ მეტით ვაფინანსებთ გადასახადის გადამხდელები, მთელ რესურსს საკუთარი კანონმორჩილი მოქალაქეების დევნაზე ხარჯავს, რომლებიც მათ კუთვნილ საჯარო სივრცეში ლეგიტიმურ პროტესტს გამოხატავენ არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ.
სანამ სპეცსამსახურები ტროტუარებზე მშვიდობიან შეკრებას ტერორიზმივით ებრძვიან, ქვეყანაში დაუბრკოლებლად მიმდინარეობს როგორც რუსეთის, ისე ირანის მტრული გავლენის ინფილტრაცია.
ეს არის რეჟიმის ნამდვილი შინაარსი: სუსტი და კაპიტულანტური რეალური საფრთხეების წინაშე, მაგრამ სასტიკი და რეპრესიული საკუთარი ხალხის მიმართ.
რუსეთისა და ირანის „რბილი ძალის“ ინფილტრაცია და ადგილობრივი რეპრესიები ერთი მედლის ორი მხარეა და ორივე ჩვენი ქვეყნის ეროვნულ დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს, ქმნის რა უსაფრთხოების ვაკუმს, რომლითაც მხოლოდ თავისუფლების მტრები ისარგებლებენ.
დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, მოქალაქეთა ერთიანობა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და დემოკრატიული პარტიების მტკიცე შეთანხმება სუსის დეკონცენტრაციის რეფორმის გარშემო, რათა ივანიშვილის შეცვლის შემდეგ აღარასდროს მივიღოთ ვითარება, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეთა წინაშე მდგარ რეალურ საფრთხეებთან გამკლავების ნაცვლად, თავად ხდებიან საფრთხე მოქალაქეებისთვის.
დიდება თავისუფლებას!" - აღნიშნულია განცახდებაში.