აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ინდურ საქონელზე 2025 წლიდან მოქმედი 25%-იანი ტარიფები გაუქმდა.
ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრი სახლის ცნობით, ტრამპმა ადრე გამოაცხადა ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმების შესახებ, რომელიც ინდურ საქონელზე აშშ-ის ტარიფებს 18%-მდე ამცირებს. სანაცვლოდ, ნიუ დელი დათანხმდა რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას და სავაჭრო ბარიერების შემცირებას.
წყაროების ცნობით, ნიუ-დელიმ უკვე დაიწყო რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის შემცირება.
2026 წლის იანვარში მოცულობა დღეში დაახლოებით 1.2 მილიონი ბარელი იყო, თებერვალში მისი 1 მილიონ ბარელამდე შემცირებაა მოსალოდნელი, ხოლო მარტში - 800 ათას ბარელამდე.
2025 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ ინდოეთზე ეკონომიკური ზეწოლის სახით უფრო მაღალი ტარიფები დააწესა იაფი რუსული საწვავის შეძენის გამო, რასაც აშშ რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ირიბ მხარდაჭერად მიიჩნევდა.
ამგვარად, 2026 წლის 7 თებერვლის შუაღამიდან ინდოეთიდან შეერთებულ შტატებში იმპორტირებული საქონელი დამატებით 25%-იან ტარიფს აღარ დაექვემდებარება.