სოციოლოგმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა, რომელიც განათლების მინისტრ გივი მიქამაძისა და თსუ-სა და სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრიდან გამოვიდა, განაცხადა, რომ სამინისტრო შეუვალია, მინისტრი შეუვალია.
იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, შეხვედრაზე გივი მიქანაძე ამბობდა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მათ შეუძლიათ იმსჯელონ მხოლოდ იმაზე, გაერთიანების პროცესი "როგორ გახდეს მაქსიმალურად უმტკივნეულო".
"სამინისტრო შეუვალია, მინისტრი შეუვალია და ის ამბობს, რომ ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ მხოლოდ ეს პროცესი გაერთიანების როგორ გახდეს მაქსიმალურად უმტკივნეულო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
მე მივდივარ "ფორმულაზე" ტელევიზიაში და ამიტომ გამოვედი. დიახ, ყველა, უკლებლივ ყველა, აბსოლუტურად ყველა [პროფესორი ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას].
[პროფესორები] ეუბნებიან [გივი მიქანაძეს] იმას, რომ ამ გაერთიანებას არავითარი რაციონალი არ აქვს, არავითარი საზრისი არ აქვს ისეთი, რომელიც ამ გაერთიანებას რაღაც სინერგიას შესძენს და ახალ პოზიტიურ გამოცდილებას მოიტანს, ეუბნებიან, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი, ეს არის საუკუნოვანი ბრენდი და მისი ასე ხელყოფა არის შეუძლებელი, ეუბნებიან, რომ ლოჯისტიკურად და ამ პროგრამების გაერთიანება ძალიან რთულია. მე ვუთხარი, რომ ეს გადაწყვეტილება არის აკადემიურ სივრცეზე ტოტალური კონტროლის დამყარების ერთ-ერთი და არა ერთადერთი რგოლი და შევეცადე ეს დამესაბუთებინა. უამრავი არგუმენტი იყო საწინააღმდეგო, მაგრამ...
მინისტრის არგუმენტი არის ერთადერთი, რომ ეს გაერთიანება გააუმჯობესებს ხარისხს სწავლების და კვლევის, ოღონდ როგორ გააუმჯობესებს ამაზე არ უთქვამს.
მე, მაგალითად, ვარ ბოიკოტის მომხრე, სხვები არიან თუ არა ეგ არ ვიცი. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა არსებობს [რომ ვიხილოთ გაფიცვა], მაგრამ თუ ეს აქტი არ იქნება ერთსულოვანი, მაშინ ის ცხადია არაეფექტიანი იქნება და შედეგს ვერ გამოიღებს.
დისკუსიის გაგრძელებაზე საუბარია მხოლოდ ამ თვალსაზრისით, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა შეგვიძლია გავაგრძელოთ დისკუსია, როგორ მოვიყვანოთ ეს გადაწყვეტილება სისრულეში," - განუცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა ჟურნალისტებს.