ზოგადად, მადლობლები ვართ შვედური მხარის, რომ საქართველოს მიმართ ყურადღებას გამოხატავს, მაგრამ გარწმუნებთ, შეშფოთება, რომელიც არაობიექტურ ინფორმაციას ეფუძნება, აბსოლუტურად უსაგნო და არარელევანტურია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შვედეთმა Moderate Youth Party-ის თავისუფლების პრიზი დემონსტრანტებს გადასცა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის უხეში მცდელობაა.
„მსურს, გამოვეხმაურო უცხო ქვეყნის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგ მკაფიო მაგალითს, „შეშფოთებების სერიიდან“. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შვედეთმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი იყო იმ 24 ქვეყნიდან, ვინც საქართველოში თითქოსდა ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედებას დაუჭირა მხარი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს მკაფიო პოზიცია აქვს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით, რომ კონკრეტული ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც, რეალურად, თანამშრომლობისკენ უნდა იყვნენ მიმართული, არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მექანიზმად გამოიყენება.
მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები იმაზე უკეთაა დაცული, ვიდრე მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების დიდ ნაწილში, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი, შესაბამისად, ჩამობრძანდნენ ეუთო-ს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ.
თუმცა „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების საკითხი გვერდით რომ გადავდოთ, შვედეთმა ამ მექანიზმის ინიციატორობა არ იკმარა და როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შვედეთის Moderate Youth Party-მ წლევანდელი თავისუფლების პრიზი საქართველოში მყოფ ყველა დემონსტრანტს გადასცა. გარემოება, რომ პრიზი გადაეცით ყველა დემონსტრანტს, მათ შორის, მოძალადე რადიკალებს, მოძალადეთა მიმართ თქვენი მიკერძოების დამადასტურებელი და, რაც მთავარია, ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მორიგი უხეში და არამეგობრული აქტია“, – განაცხადა კირცხალიამ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, შვედეთისთვის უმჯობესია, თავის ქვეყანაში არსებული გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოს.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო შვედურ მხარეს – რასაკვირველია, ზოგადად, მადლობლები ვართ, რომ საქართველოს მიმართ ყურადღებას გამოხატავთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ თქვენი შეშფოთება, რომელიც არაობიექტურ ინფორმაციას ეფუძნება, აბსოლუტურად უსაგნო და არარელევანტურია. შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რაც თქვენი შეშფოთების მიზეზად შეიძლება იქცეს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის გამოძახილია.
მეორე მხრივ, საქართველოს, როგორც თქვენს პარტნიორ, მეგობარ სახელმწიფოს და მის მმართველ გუნდს ნამდვილად გვაქვს შეშფოთების მიზეზი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც თქვენს ქვეყანაში ხდება.
იქნებ დაგვეხმაროთ და განგვიმარტოთ, თქვენ მსგავსად, ჩვენც შეცდომაში ვართ შეყვანილი, თუ თქვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს ის პრობლემები და გამოწვევები, რაზეც ხმამაღლა მიდის საუბარი? მაგალითად, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები.
შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე და, ზოგადად, შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი. შემაშფოთებელია, რომ შვედეთში ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა.
გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას. ასევე, შემაშფოთებელი ფაქტია, რომ სამწუხაროდ, თქვენს მოქალაქეებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ მკურნალობის მისაღებად. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მიერ გამოხატული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ობიექტურ მოცემულობაზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ, დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში და ჯობს, იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას.
დასასრულ, აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს და მომავალშიც აუცილებლად გამოვხატავთ ჩვენს მზარდ შეშფოთებას შვედეთში და არამხოლოდ ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კირცხალიამ.