1-ელი თებერვლის ღამეს, დნიპროში რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ განჟამ განაცხადა.
„დნიპროში მტრის დრონის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი, ქალი და კაცი დაიღუპა. გულწრფელად ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს“, - დაწერა მან.
ოფიციალური პირის თქმით, თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც ერთი კერძო სახლი დაინგრა და კიდევ ორი დაზიანდა. ასევე დაზიანდა მსუბუქი ავტომობილი.
გარდა ამისა, განჟას თქმით, რუსულმა ძალებმა ღამით ნიკოპოლის ოლქი არტილერიითა და დრონებით დაბომბეს.
„თავს დაესხნენ რაიონულ ცენტრს და მარგანეცის დასახლებას.
დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი და ოთხი კერძო სახლი, დამხმარე შენობა, კაფე, რამდენიმე მაღაზია და ავტომობილი. დაზიანდა გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი“, - აღნიშნა ოლექსანდრ განჟამ.