რობერტ ფიცოს მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში მიროსლავ ლაიჩეკმა თანამდებობა დატოვა. ეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსის გვარი სექსუალური ტრეფიკინგისთვის ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის სკანდალურ ფაილებში აღმოჩნდა.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა 3 მილიონი გვერდის ოდენობით ახალი ფაილები გამოაქვეყნა. მათ შორისაა მიმოწერა ლაიჩეკსა და ეფშტეინს შორის, რომელშიც ეფშტეინი ლაიჩაკთან ქალებზე ხუმრობდა და პარალელურად, განიხილავდა ლაიჩაკის შეხვედრებს სერგეი ლავროვთან. ლაიჩეკს ფიცოს მთავრობაში რამდენჯერმე ეკავა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი.
სლოვაკეთის პრტემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მან მიიღო ლაიჩაკის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
„მირომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის შესანიშნავი დიპლომატია და მე ვეთანხმები მის წინადადებას ჩვენი თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ, თუმცა ყველა ჩვენგანი, და არა მხოლოდ მე, დიპლომატიასა და საგარეო პოლიტიკაში გამოცდილების წარმოუდგენელ წყაროს ვკარგავთ“, - განაცხადა ფიცომ.
ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგისთვის ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ბრალის თანახმად, მან ათობით არასრულწლოვანი გოგო სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართო. ეპშტეინი ციხეში გარდაიცვალა, ოფიციალური ინფორმაციით, მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს ასევე ეპშტეინის პარტნიორი ქალი გილეინ მაქსველი, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2024 წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს დონალდ ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის. ცნობილია, რომ წლების წინ დონალდ ტრამპს ურთიერთობა ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან, რომელიც ფინანსისტად მუშაობდა ნიუ იორკსა და ფლორიდაში.