აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს კანადაში წარმოებულ ყველა თვითმფრინავზე 50%-იანი ტარიფის დაწესებას და მათი სერტიფიცირების შეჩერებას შეერთებულ შტატებში.
მან ეს გადაწყვეტილება ოტავას მიერ კომპანია Gulfstream-ის მიერ ამერიკული ბიზნეს-ჯეტების ექსპლუატაციის დამტკიცებაზე უარით ახსნა.
„იმის საფუძველზე, რომ კანადამ არასწორად, უკანონოდ და მტკიცედ უარი თქვა Gulfstream 500, 600, 700 და 800 თვითმფრინავების, რომლებიც ერთ-ერთი უდიდესი და ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული თვითმფრინავებია, სერტიფიცირებაზე, ვაუქმებთ მათი Bombardier Global Express-ის და კანადაში წარმოებული ყველა თვითმფრინავის სერტიფიცირებას, ვიდრე Gulfstream-ი, დიდი ამერიკული კომპანია, სრულად არ იქნება სერტიფიცირებული, როგორც ეს მრავალი წლის წინ უნდა მომხდარიყო. გარდა ამისა, კანადა კრძალავს Gulfstream-ის პროდუქციის გაყიდვას კანადაში იმავე სერტიფიცირების პროცესის მეშვეობით. რაიმე მიზეზით ეს სიტუაცია დაუყოვნებლივ თუ არ გამოსწორდება, მე ვაპირებ კანადისთვის 50%-იანი ტარიფის დაწესებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდულ ყველა თვითმფრინავზე“, – დაწერა ტრამპმა Truth Social -ში.
Bloomberg-ის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა კრიტიკული შედეგები მოჰყვეს ამერიკული ავიაკომპანიებისთვის. კერძოდ, American Airlines Bombardier CRJ-ის დაახლოებით 200 რეგიონალური თვითმფრინავის ექსპლიატაციას ეწევა, ხოლო მისი პარტნიორი Delta Air Lines 150-ზე მეტ ასეთი თვითმფრინავის.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სერტიფიცირების გაუქმებამ, შესაძლოა, შეერთებულ შტატებში მსხვილი კორპორაციებისა და ფიზიკური პირების კუთვნილი დაახლოებით 3000 თვითმფრინავის გაჩერება გამოიწვიოს.