ჩვენ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, რომ ეს კანონები მივიღოთ, 1 მლნ 200 ათასმა ადამიანმა გვითხრა, რომ არ დავინახოთ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში, ჩვენი ნებართვის გარეშე, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გრანტების კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას.
“ის, რასაც ჩვენ დიდხანს ვამბობდით, რომ უცხოური ფული, ე.წ. გრანტები ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად ეს დაადასტურა და ამხილა ტრამპის ადმინისტრაციამ, ამის გამო უწოდეს USAID-ის თაღლითი და გააუქმეს. ეს ის USAID-ია, რომელსაც მანამდე ჩვენ მცირედით ვაკრიტიკებდით და ამის გამო თავზარი ეცემოდათ ენჯეოებს და იყვნენ ჩვენს კრიტიკაში. “ისფედის“ შემთხვევა ამის სახელმძღვანელო მაგალითია. 2020 წელს დონორთან შეთანხმებით, რაც ჩვენ დადასტურებულად ვიცით, მათ არჩევნების შედეგები გააყალბეს თავისი პარალელური დათვლით და 2024 წელს, დონორთან შეთანხმებით, პარალელური დათვლის შედეგების არ გამოქვეყნებით შეეცადნენ დარტყმა მიეყენებინათ არჩევნების შედეგებისთვის. ანუ ჩვენ ვიცით, რომ დონორთან შეთანხმებით ძირს უთხრიდნენ ქართულ დემოკრატიას, ძირს უთხრიდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას.
2024 წელს ჩვენ მივიღეთ კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რომელზეც ასევე იყო დიდი კრიტიკა, ასევე გამოდიოდნენ ბრიუსელის დემოკრატიული მანდატის არმქონე კომისრები, რომლებიც არავის მიერ არჩეულები არ არიან და გვეუბნებოდნენ, რომ ქართველ ხალხს არ უნდა ეს კანონიო. 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდა არჩევნები და ჩვენ მივიღეთ ამომრჩევლისგან მანდატი ზუსტად ამ კანონების გამო, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, რომ ეს კანონები მივიღოთ. 1 მლნ 200 ათასმა ადამიანმა გვითხრა, რომ არ დავინახოთ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში, ჩვენი ნებართვის გარეშე. ეს არის ქართველი ხალხის ხმა და ქალბატონ კოსს, რომელიც ნამყოფი არ არის საქართველოში, თუ რამე სხვა ჰგონია ქართველი ხალხის ხმა ეს მისი პრობლემაა. ამ კანონის მიღების შემდეგ ვნახეთ მცდელობები, რომ გვერდი აეარათ კანონისთვის და ვნახეთ, მათ შორის ქალბატონი კოსის განცხადება. მან პირდაპირ განაცხადა, რომ ფინანსური დახმარება გაორმაგდება, მეტიც იქნებაო, ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ მივცეთ ეს ფული არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინაიდან საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება ამ პროცესსო. საქართველომ მიიღო კანონი, თუ გინდა გასცე გრანტი საქართველოში კი ბატონო, ოღონდ ამისთვის გჭირდება ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების თანხმობა, ანუ ხალხის თანხმობა. რას გვეუბნება ქალბატონი კოსი? ვიცით, რომ ხალხის თანხმობაა საჭირო, მაგრამ გვინდა ქართველი ხალხის თანხმობის გარეშე გავაკეთოთ ეს ყველაფერიო. ამით ის პირდაპირ გვეუბნება, რომ მეორეხარისხოვან ხალხად მივაჩნივართ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.