ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღეს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეხება. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ასევე, მოსალოდნელია, რომ მინისტრები მიაღწევენ შეთანხმებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ, რაც მას „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდას“ მსგავს კატეგორიაში მოაქცევს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე ახალი სანქციები მიიღეს იმ ირანელი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ირანში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობდნენ და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს მხარს უჭერენ.
ევროკავშირის სანქციები ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო 21 ფიზიკური პირისა და რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო 10 ორგანიზაციის წინააღმდეგ ამოქმედდება.