აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ შესაძლო ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის უსაფრთხოების ძალებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ მიზანმიმართულ დარტყმებს, რათა ირანის მოსახლეობა მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების განახლებისკენ წაახალისოს.
ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული ორი ამერიკული წყაროს თქმით, ტრამპი ირანში რეჟიმის შეცვლის პირობების შესაქმნელად მეტ დარტყმას განიხილავს.
ეს იანვრის დასაწყისში მასობრივი რეპრესიების შემდეგ მოხდა, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და საპროტესტო მოძრაობა შეაჩერა.
აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავს იმ მეთაურებსა და ინსტიტუტებზე დარტყმის ვარიანტებს, რომლებსაც ვაშინგტონი ძალადობაში პასუხისმგებლობას აკისრებს.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ამან შესაძლოა მომიტინგეებს მთავრობისა და უსაფრთხოების ძალების შენობების ხელში ჩაგდების რწმენა მისცეს.
ერთ-ერთმა ამერიკულმა წყარომ განაცხადა, რომ ტრამპის თანაშემწეების მიერ განხილულ ვარიანტებს შორის ასევე შედის გაცილებით მასშტაბური დარტყმა, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების საწყობების ან ირანის ურანის გამდიდრების ობიექტების წინააღმდეგ.
კიდევ ერთი წყაროს ცნობით, ტრამპს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება მოქმედების კურსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი სამხედრო გზის არჩევასთან დაკავშირებით.
მიმდინარე კვირაში ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ავიამზიდის და დამხმარე სამხედრო გემების ჩასვლამ გააფართოვა ტრამპის პოტენციური ქმედებების შესაძლებლობები მას შემდეგ, რაც ის არაერთხელ დაიმუქრა ირანის მიერ განხორციელებული რეპრესიების გამო სამხედრო ჩარევით.
28 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი ამერიკული ფლოტი ირანის სანაპიროებს უახლოვდებოდა და მოუწოდა თეირანს, დაუყოვნებლივ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ბირთვული შეთანხმების დასადებად.
გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების დამრტყმელი ჯგუფი, ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ის ხელმძღვანელობით, ინდოეთის ოკეანეში, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) პასუხისმგებლობის არეალში შევიდა.