დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პეკინში ვიზიტამდე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ იქნება იძულებული, აშშ-სა და ჩინეთს შორის არჩევანი გააკეთოს. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
სტარმერის ჩინეთში ვიზიტი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია ბოლო რვა წლის განმავლობაში, მისი კანადელი კოლეგის, მარკ კარნის მსგავსი ნაბიჯის შემდეგ შედგება, რამაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან ახალი ტარიფების მუქარა გამოიწვია.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას შეუძლია ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრა ტრამპის გაღიზიანების ან შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესების გარეშე.
ამგვარად, სტარმერმა უარყო იდეა, რომ მას ორივე ქვეყნის მიმართ მიდგომაში კომპრომისზე წასვლა მოუწევს.
„ხშირად მთხოვენ, უბრალოდ ქვეყნებს შორის არჩევანი გავაკეთო. მე ამას არ ვაკეთებ“, - თქვა სტარმერმა.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პეკინში ვიზიტი ბრიტანული ბიზნესისთვის „მნიშვნელოვან შესაძლებლობებს“ მოიტანს.
„ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს შეერთებულ შტატებთან - რა თქმა უნდა, ეს გვსურს - და ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ურთიერთობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებთან ერთად.
ასევე, სისულელე იქნებოდა უბრალოდ ქვიშაში თავის ჩამალვა და ჩინეთის იგნორირება, როდესაც ის მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა და არსებობს ბიზნესშესაძლებლობები“, - თქვა სტარმერმა.
შეგახსენებთ, რომ პეკინში ვიზიტის დროს კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის კავშირები ჩინეთთან უფრო პროგნოზირებადი გახდა, ვიდრე შეერთებულ შტატებთან.
16 იანვარს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებას: კანადა შეამსუბუქებს ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფებს, რომლებიც მან შეერთებულ შტატებთან ერთად 2024 წელს დააწესა.
სანაცვლოდ, ჩინეთი კანადის ძირითად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ტარიფებს შეამცირებს.
ამის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში კანადიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე 100%-იან ტარიფს დააწესებდა.
პეკინმა უპასუხა, რომ ჩინეთსა და კანადას შორის დადებული შეთანხმებები არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ.