სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს.
როგორც სუს-ში განაცხადეს, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საკუთარ ავტომობილში იპოვეს გარდაცვლილი.
სუს-ში აღნიშნავენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეტალების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
„ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს გამოცდილი, ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებიც. ახლა რაც იკვეთება და ვიცით თანამშრომლებისგან, არის, რომ დილით ადრე მოვიდა სამსახურში. როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან. თავის ავტომანქანაში იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი. ავტომანქანის გვერდით სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის მხოლოდ პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის ცნობილია. სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადეს სუს-ში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.