პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი 100%-ით მზადაა ხელმოსაწერად.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვილნიუსში ლიეტუვისა და პოლონეთის ლიდერებთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა, ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან მზადყოფნის დადასტურებას, თარიღს და ადგილს, როდესაც მას ხელს მოვაწერთ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეთანხმება აშშ-ის კონგრესმა და უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცონ. პრეზიდენტმა ცალკე ახსენა უსაფრთხოების გარანტიების ევროპული ნაწილი.
ზელენსკის თქმით, ეს დოკუმენტები უნდა მოიცავდეს „მსურველთა კოალიციის“ მუშაობის შედეგებს და ევროკავშირში გაწევრიანების თარიღს.
„უკრაინის უსაფრთხოების მეორე გარანტია ევროპული უსაფრთხოების გარანტიები, „მსურველთა კოალიცია“ და, რაც მთავარია, ევროკავშირში წევრობაა.
„ეს უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებია. ჩვენ გვინდა 2027 წელი; ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე, როდესაც უკრაინა მზად იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ტექნიკურად მზად იქნება ყველა კლასტერის გასახსნელად 2026 წლის პირველ ნახევარში, ხოლო სრულად მზად იქნება გაწევრიანებისთვის „ტექნიკურ დონეზე“ 2027 წელს.
„ჩვენ გვსურს, რომ ომის დასრულების შეთანხმებაში [ევროკავშირში გაწევრიანების] იყოს მითითებული კონკრეტული თარიღი, რათა ყველა მხარემ დაიცვას ეს შეთანხმებები, მათ შორის აგრესორმა, რომელიც, თუ დრო დადგება, ხელს მოაწერს 20-პუნქტიან გეგმას“, - დასძინა ზელენსკიმ.