რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 'სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მივიდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საპატიმრო დღეს დატოვა.
„თავისუფლებისა და ბრძოლის ჟინი ძლიერია. მთავარია, რომ საერთო მიზანი გვაქვს - ესენია: სამართლიანობა, თავისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანება, განვითარებულ ქვეყნებთან ერთად ყოფნა... ძალიან პოზიტიური განწყობით გამოვედი. ვფიქრობ, რომ სიმტკიცე, გამძლეობა, თავისუფლება, რასაც ასხივებს ციხეში მყოფი რეჟიმის პატიმრები - ეს ყველაფერი პოზიტიურია. დღეს აქ მოვედი იმიტომ, რომ სხვანაირად არ შემეძლო. ადამიანებს უნდა შევხვედროდი და მადლობა მეთქვა მათთვის იმისთვის, რომ აქ დგანან და ამ წნეხის მიუხედავად, ასე იცავენ სამშობლოს“, - განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.